გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება წევრმა ქვეყნებმა დაგმეს.
გაერო-ს უშიშროების სხდომა რვა ქვეყნის ინიციატივით მოიწვიეს, სადაც აშშ-ის გარდა დანარჩენი 14 სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება უნილატერალური, ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და გაერო-ს წესდებას ეწინააღმდეგება.
გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში მეთიუ რიკროფტმა განაცხადა, რომ გაერო აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავს.
„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესების დაწყებაში ჩაერთოს. ჩვენ აშშ-ს მხარს დავუჭერთ თუ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მთავრობის მიერ დასახლებების მშენებლობის შეჩერებას მიემხრობა“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.
აშშ-ის ელჩმა გაერო-ში ნიკი ჰეილიმ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულების იმ ნაწილს, რომელიც ისრაელ-პალესტინას შორის დადგენილ დროებით საზღვრებს არ ცვლის. მისი თქმით, აშშ რჩება ამ კონფლიქტში სამშვიდობო მოლაპარაკებების მედიატორად.
“პრეზიდენტმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა, დაავალა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავიდეს, თუმცა მას საზღვრები არ შეუცვლია. ასევე მოითხოვა, რომ ტაძრის მთას სტატუს კვო შეუნარჩუნდეს, რაც პალესტინელების მოთხოვნაა“, – განაცხადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ნიკი ჰეილიმ.
მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოთქვა გაერო-ს წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ნიკოლაი მლადენოვმა. მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ ეჭვქვეშ დააყენა სამშვიდობო პროცესების დაწყების შესაძლებლობა.
„ახლა კრიტიკული პერიოდი დადგა, რაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს. აშშ-ის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გაერო-ს პრინციპებს აღნიშნულ კონფლიქტთან მიმართებაში“, – აღნიშნა მლადენოვმა.
იერუსალიმს 1947 წლის ნოემბერში გაეროს Corpus Separatum, იგივე გაყოფილი ერთეულის სტატუსი მიანიჭა.
წყარო 1tv.ge