საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისისმა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი „სამი ვარსკვლავის ორდენით“ დააჯილდოვა.
დაჯილდოების შემდეგ, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
რაიმონდს ვეიონისისმა მადლობა გადაუხადა ელჩს ლატვიაში გაწეული ხუთწლიანი საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა. თეიმურაზ ჯანჯალიამ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.