სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1tv.ge-ს სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობასთან დაკავშირებით „უცნობის“ მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება აქვს და მსგავსი დავები კანონით რეგულირდება.
„უპირველეს ყოვლისა, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სამართლებრივ დავებს აწესრიგებს და არეგულირებს კანონი, შესაბამისი ინსტანციები და არა – ნაცნობ-მეგობრობა, ან ნათესაური კავშირები. სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ყოველთვის ჰყავს როგორც გამარჯვებული, ისე – დამარცხებული. გასაგებია, რომ დამარცხებულს შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული პრეტენზიები, თუმცა, ამისთვის შესაბამისი ინსტიტუციები, ინსტანციები და საბოლოოდ არსებობს სასამართლო და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ყველა პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინასწარ გამიზნულად, ვინმეს მხარდასაჭერად ან – საწინააღმდეგოდ. ჩემთვის ადამიანურად ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ადამიანისგან, რომელსაც წლებია ვიცნობ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ აღნიშნულ საკითხს აქვს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება და ის უნდა წარიმართოს მხოლოდ ამ მიმართულებით. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ იმის გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„უცნობმა“ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს. 1tv.ge