2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა – NDI „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 6 %-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს. შეკითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? –
მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხული რესპონდენტების 77 % აცხადებს, რომ „მისაღებია“, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ პროცესს მხარდაჭერას 83 % უცხადებდა.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგებით, მიუღებელია 13 %-სთვის, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 9 %-ს შეადგენდა. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას ქალაქების მიხედვით, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში ინტეგრაციას თბილისში მცხოვრები გამოკითხულების 77 %-იანი მხარდაჭერა აქვს, სხვა დიდ ქალაქებში 78 %-იანი, პატარა ქალაქებში – 80 % უჭერს მხარს, სოფლებში – 82 %, ეთნიკურად სომხურ დასახლებებში – 68 %, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში – 54 %. რაც შეეხება მონაცემებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 18-დან 34 წლამდე რესპონდენტების 80 %, 35-დან 54 წლამდე გამოკითხულების 79 %, 55 წელზე მეტი ასაკის მქონე რესპონდენტების 73 %. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მისაღებია გამოკითხული მამაკაცების 76 %-ის და გამოკითხული ქალების 78 %-სთვის. კვლევა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი. NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.
ავტორი:ჟანა მეგრელიშვილი