ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გამკაცრების ახალ ტალღა იწყება

0
4478

საფრანგეთი უვიზო რეჟიმის გამკაცრების ახალ ტალღას იწყებს. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მსურველი ქართველები მკაცრად გაკონტროლდებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საფრანგეთშიც, რაც შესაძლოა საზღვრის გადაკვეთისა და შრომის ნებართვის აღების გამკაცრებას გულისხმობდეს. ამის შესახებ „რეზონანსს” ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.

ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი „ინტერპრესნიუსს” ესაუბრა. მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს არღვევენ.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, რომელიც თავის მხრივ დიდი წარმატებაა, რომელიც ძალიან ბევრ ქართველს შესაძლებლობა აძლევს ევროკავშირის ფარგლებში ვიზის გარეშე იმოგზაუროს.

“ამ წარმატების პარალელურად არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც არღვევს თავშესაფრის სისტემას. აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ გვაქვს პრობლემა თავშესაფრის სისტემისა და ჯანდაცვის სერვისების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე გვსურს, რომ საბუთები შემოწმდეს, როდესაც ადამიანები საქართველოდან მიემგზავრებიან ევროკავშირში.

„ამას არ დასჭირდება ვიზა, თუმცა, ვიზისგან თავისუფალი რეჟიმი არ გულისხმობს პირობებისგან თავისუფლებას. არის გარკვეული პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია ევროკავშირში მოგზაურობისას და ერთ-ერთი არის ის, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა ევროპაში ყოფნისას, ამიტომ ეს არის ის, რაც მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოშიც და საფრანგეთშიც, როდესაც ადამიანები ჩამოვლენ,” – განაცხადა დიეგო კოლასიმ.

ელჩის თქმით, ლეგალური დასაქმების მიმართულებით შეთანხმება ახლა შედის ძალაში და მხარეები მუშაობენ მის იმპელენტაციაზე. ის უახლოეს ათ დღეში ქუთაისის აეროპორტში ვიზიტსა და ამ მიმართულებით არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს.

ნიკა ჩიტაძის განცხადებით, საფრანგეთი და გერმანია საქართველოს მოქალაქეებისადმი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ქართველთა დიდი ნაწილი ევროპაში გამგზავრების შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში აღარ ბრუნდება და ხშირად ამა თუ იმ სახელმწიფოში უკანონო საქმიანობასაც ეწევა.

„განსაკუთრებული მკაცრი მიდგომები არსებობს საფრანგეთის და გერმანიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ქუთაისის აეროპორტში დგანან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ოფიცრები, ან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც აკონტროლებენ და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ხშირად თანხის წარდგენას ითხოვენ. ადამიანი, რომელიც ევროპაში ჩადის, მას კონკრეტული თანხა უნდა გააჩნდეს, რომელსაც შენგენის ზონის ქვეყანაში გამოიყენებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც დარჩენა გადაწყვიტეს შენგენის ზონაში, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 90 დღის განმავლობაშია ნებადართული, ისინი ხშირად საქართველოს მხრიდან აღებულ ვალდებულებებს არღვევენ. სწორედ ამას მოჰყვა საზღვარზე კონტროლის გამკაცრება, განსაკუთრებით ეს საფრანგეთს ეხება, რომლის მოსახლეობა 60 მილიონზე მეტია და გერმანიას, რომლის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს.

„რაოდენობრივად ყველაზე მეტი ევროპის ამ ქვეყნებში ჩადიან. საზღვარზე გადასვლის პროცედურა იქნება გამკაცრებული, თუმცა, არ მგონია, ევროკავშირმა შემოიღოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. გამკაცრებული იქნება თუნდაც შრომის ნებართვის აღება,” – აღნიშნა ჩიტაძემ

მისი შეფასებით, ახალმა ინიციატივამ და კონტროლის გამკაცრებამ შესაძლოა საქართველოდან ქართველების გადინების შემცირებას ხელი შეუწყოს.

„შესაძლოა ამის გამო გადინება შემცირდეს. ბევრი ადამიანი ტოვებს საქართველოს. ჩადის ევროპაში, იქ სამსახურს ვერ ნახულობს და ჩართულია გარკვეულ უკანანო საქმიანობაში. ქართველებსაც სახელს უტეხს და იქაც ვერ საქმდება. ბევრს ჰგონია, რომ იქ ჩავა და სამსახურს იშოვის, ან ლტოლვილად ჩაბარდება. მითუმეტეს საფრანგეთში სოციალური სისტემა ძალიან განვითარებული,” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.