გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი, საზოგადოებაში გამოწვეულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა!

0
1099

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი, საზოგადოებაში გამოწვეულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა, გერმანიაში დასაქმების მსურველთათვის, რომელსაც ლეგალური დასაქმების რეალური პერსპექტივა გაუჩნდათ- “მე, როგორც გერმანიაში მცხოვრები ქართველი, მცირე განმარტებას გავაკეთებ გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით.

როგორც ვიცით, 1 მარტიდან გერმანია დასაქმების მიზნით საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს. ამ საკითხს აზრთა სხვადასხვაობა მოყვა, რადგან გერმანიის მხარემ B1 სერთიფიკატის საჭიროებაზე ისაუბრა, რაც ამ ქვეყანაში დასაქმების მსურველთათვის გერმანული ენის შესაბამისი დონის ცოდნის აუცილებლობას გულისხმობს.

ამ დღეების განმავლობაში ბევრი ნეგატიური კომენტარი წავიკითხე: „მოგვატყუა ივანიშვილმა!“, „გერმანული თუ ვიცი – ბიძინას წაყვანა რაში მჭირდება?!“ და ასე შემდეგ…

ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ: ჯერ ერთი – ბატონი ბიძინა ვერ შეთავაზებდა გერმანიას, თუ რომელი სერთიფიკატით მიეღოთ საქართველოს მოქალაქეები, რადგან ამას წყვეტს თავად გერმანია და არა საქართველო! უნდა დავინახოთ ისიც, რომ ჩვენი მთავრობის მიერ მართლაც თავდაუზოგავი სამუშაო იქნა ჩატარებული, რომელშიც რა თქმა უნდა აქტიურად იყო ჩართული ივანიშვილი.

გერმანიის მთავრობის შემოთავაზება ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ძალიან დიდ შანს აძლევს როგორც განათლების მიღების, ასევე დასაქმების კუთხით. წლების წინ და დღესაც სწორედ ასე შემოვიდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გერმანიაში – ისწავლეს, გაიჭირვეს, იმუშავეს და შემდეგ წარმატებულები დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს. ვციტირებ, თუ რა გამოაქვეყნა გერმანიამ: „B1 დონე გერმანული ენის ცოდნის დადასტურებაა, თუმცა ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ – სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობაც და თუ თქვენ სამუშაო ადგილი უკვე იპოვეთ, დაჩქარებული წესით მიიღებთ ვიზას, რომლის საფასური 75 ევროა.”

ქართველებს გვიყვარს ახლობლობით და ნაცნობ-მეგობრობით წარმატებების მიღწევა, – მაგრამ დროა ეს ტენდენცია დასრულდეს: ისწავლეთ, იმუშავეთ და ასე შეიქმენით მომავალი, ასე უფრო ძლიერები და მაგრები ვიქნებით. ხუთი წლის წინ მსგავსი შანსი რომ მომცემოდა, სიხარულით გამოვიყენებდი, ძალიან დიდი გარჯა და მძიმე შრომა გავწიე იმისთვის, რომ დღემდე მოვსულიყავი და გერმანიაში ამ პირობებში მეცხოვრა და მესწავლა.
ჩემო საყვარელო ქართველებო – ძალიან მაგარი შანსი გაქვთ და გთხოვთ არ გაუშვათ ხელიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა გვასახელებს ამ ძალიან მაგარი შემოთავაზების გამოყენების შემდეგ და გახდებით წარმატებულები სხვადასხვა სფეროში.
კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს ქვეყანას და დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ძალიან საჭირო და დროული ინიციატივისთვის.”- წერს ხათო ბარათაშვილი

შეგახსენებთ რომ ორ ქვეყანას შორის შემდგარი მოლაპარაკების შედეგად, გერმანიაში ქართველები ლეგალურად დასაქმდებიან.