ბერძენმა სამართალდამცველებმა საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციის მიერ სპეცტექნიკის გამოყენების მიზეზი საზღვართან დიდი რაოდენობით მიგრანტების მისვლა იყო, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ.
მიგრანტების დიდი ნაკადის გამო საბერძნეთმა სასაზღვრო პატრულირება გააძლიერა. საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა უნგრეთმაც.
ევროკავშირისა და თურქეთის საზღვარზე არსებული ვითარება მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით ანკარას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი თურქეთში მას შემდეგ მიიღეს, რაც სირიაში, იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შეტევის შემდეგ 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ოფიციალური ანკარა იუწყება, რომ დაძაბული ვითარების ფონზე იდლიბიდან თურქეთის საზღვრის მიმართულებით ათასობით ადამიანი მიემართება, ამასთან გამკლავება კი, თურქეთს აღარ შეუძლია. როგორც რამდენიმე საათის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, საზღვრის გახსნის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე 18 ათასამდე მიგრანტი უკვე შევიდა.