ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა შექმნა აპლიკაცია მათთვის, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს

0
1293

33 წლის ნიკო ავალიანის აპლიკაციას, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა, უკვე 3 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 500-მდე საქართველოდან.
ნიკო 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჩართულია ავტოგადაზიდვის ბიზნესში და შესწავლილი აქვს ამერიკული აუქციონების ბიზნესი, სწორედ აქედან დაიბადა IOS-ის აპლიკაცია GOFORIT-ის შექმნის იდეაც. აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს.აპლიკაცია ავტომობილის მყიდველს საშუალებას აძლევს ნახოს კონკრეტული მოდელის შესახებ ბოლო და დეტალური ინფორმაცია, საუბარია აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მანქანებზე.”აპლიკაციის დანიშნულებაა დაეხმაროს ამერიკულ აუქციონებზე მანქანის მყიდველს მანქანის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაში. ინფორმაციის წყარო კი არიან ტრაილერების მძღოლები, რომელთაც ეს ავტომობილები აუქციონებზე გადაყავთ. ტრაილერის მძღოლს არ აქვს ინტერესი, ინფორმაცია გააყალბოს და წუნის მქონე ავტომობილი პოზიტიურად წარმოაჩინოს. ამიტომ ეს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ტრაილერის მძღოლი ანაზღაურებას ავტომობილების გადაზიდვისთვის იღებს, შესაბამისად, მას გაყიდვის პროცესთან შეხება არ აქვს და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მის ინტერესებში არ შედის. ასევე, მძღოლს მიუკერძოებლობის ინტერესს ისიც უჩენს, რომ აპლიკაციის მეშვეობით დამატებითი თანხა გამოიმუშაოს,” – განმარტავს ნიკო ავალიანი.

ამერიკაში მცხოვრები ქართველის მიერ შექმნილი აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ინფორმაციის ნაწილის მიღება უფასოა, ფასიანი ინფორმაციის ღირებულება კი დაახლოებით 10 დოლარიდან იწყება, – “მაგალითად, თუ იპოვეთ კონკრეტული ავტომობილი, რომელიც მოგეწონათ და შესაბამისად, ძრავის მუშაობის ამსახველი ვიდეო, სურათები და აღწერილობა დაგაინტერესებთ, ამ ინფორმაციაში დაახლოებით 10 დოლარს გადაიხდით. თუ დამატებით, მაგალითად, სავალი ნაწილების, აქვს თუ არა ზედმეტი ჟანგი მოდებული და მსგავსი ინფორმაციის მიღება გჭირდებათ, ბუნებრივია თანხა მოიმატებს. ეს თანხა მისდის გადამზიდავი ტრაილერის მძღოლს, რომელსაც უფრო მეტი მოტივაცია აქვს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია გამოგიგზავნოთ. აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია, მიღებული ინფორმაცია 5-ვარსკვლავიანი სისტემით შეაფასოს, რაც ტრაილერის მძღოლის რეიტინგზე ისახება,” – აღნიშნავს ნიკო ავალიანი.
მისივე თქმით, უფასოა ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რომლის მიღებაც ავტოდილერებსაც შეუძლიათ:
“აპლიკაციაში არის შეტყობინებები, რომლებსაც მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იღებს. მაგალითად, დილერებს განახლებადი ინფორმაცია აუქციონებზე განთავსებული ავტომობილების შესახებ იმაზე ადრე მისდით, ვიდრე ეს მოდელი აუქციონის ბაზაში დარეგისტრირდება. ამ დროს დილერმა წინასწარ იცის, რა ავტომობილი განთავსდება აუქციონზე და თადარიგსაც დაიჭერს,” – დასძენს აპლიკაციის ავტორI, ნიკო ავალიანის თქმით, აპლიკაცია ჯერჯერობით სტარტაპის სტადიაშია, შესაბამისად, შემოსავალზე საუბარი ნაადრევია, თანაც ის ჯერ მხოლოდ 1 თვეა ფუნქციონირებს.
აპლიკაციის ავტორს სამომავლო გეგმებიც აქვს. ნიკო ავალიანის მიზანია აპლიკაციის ბევრ ქვეყანაში გავრცელდეს და მან ავტომოყვარულები გააერთიანოს.”ნიგერიას ამერიკიდან ათიათასობით ავტომობილი გაყავს, შესაბამისად, ამ ქვეყანაში შესაძლებელია, აპლიკაციაზე დიდი მოთხოვნა იყოს. ასევე, გვსურს, ევროპაში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და არაბეთში გასაყიდად გატანილ ავტომობილებზეც ვფლობდეთ ინფორმაციას. ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელიც ამდრომდე არავის გაუკეთებია” – განმარტავს ნიკო ავალიანი.
GOFORIT-ი უკვე აქტიურად ფუნქციონირებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, სასურველი ავტომობილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.