როგორც წესი, შობაზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, გერმანიაში ჩვეულებრივ იხდიან.
თუმცა, როგორც The New York Times-ი იუწყება, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, მრავალი აბონენტისთვის, ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის საფასური ნეგატიურში გადავიდა; მიზეზი მარტივია — გერმანიის მომარაგებამ სუფთა, განახლებადი ენერგიით, მოთხოვნას გადააჭარბა.
როგორ მოხდა
ეს ფენომენი იმაზე გაცილებით იშვიათია, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, გერმანიამ განახლებად ენერგიაში, ძირითადად მზისა და ქარის, 200$ მილიარდის ინვესტიცია განახორციელა.
იმ დროს, როცე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაბალია, მაგალითად უქმეებზე, როცა ძირითადი საწარმოები დაკეტილია, ანდაც როცა ამინდი არასეზონურად მზიანია, ქვეყნის ელექტროსადგურები სისტემაში იმაზე მეტ ენერგიას უშვებენ, ვიდრე მომხმარებლებს რეალურად სჭირდებათ.
უთანასწორობა იმის გამო წარმოიქმნება, რომ ქარისა და მზის სადგურები ძირითადად არათანმიმდევრულია. როცა ამინდი ქარიანი ან მზიანია, სადგურები დიდი ოდენობით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მაგრამ ძალიან რთულია ამ ჭარბი ენერგიის შენახვა. საკმარისად არაა განვითარებული ბატარეების ტექნოლოგია, რათა სისტემაში არსებული ენერგია სრულად დააბალანსოს.
შესაბამისად, როცა ამინდი ცხელია, მაგალითად, როგორც ეს გასულ შაბათ-კვირას იყო გერმანიაში — და დახურულია ბიზნეს-საწარმოთა უმეტესობაც, დაბალი მოთხოვნის კვალდაკვალ, სადგურები ჭარბ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ამის შემდეგ, საქმეში უმარტივესი ეკონომიკა ერთვება — ფასი ნულს ქვემოთ ჩამოდის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გერმანული კომუნალური კომპანიები ამ დროს ფულის დეპოზიტირებას არ ახდენენ პირდაპირ მომხმარებელთა ანგარიშზე. სანაცვლოდ, ნეგატიური ფასის პერიოდები განაპირობებს ელექტროენერგიის დაბალ ფასს მთელი წლის განმავლობაში.
The New York Times-ის ცნობით, ზოგიერთი საწარმო და ოფისი წაახალისეს, რათა ელექტროენერგია გამოეყენებინათ, მეგავატი-საათი 60$ საფასურად. როგორც გამოცემა იუწყება, წლის დასაწყისში, ენერგიის ფასი გერმანიაში სულ 31 საათის განმავლობაში იყო ნულს ქვემოთ, რისი მიზეზიც ოქტომბრის უჩვეულოდ თბილი ამინდი იყო.
განახლებად ენერგიაზე გადასვლის მთავარი გამოწვევა
ტრადიციული ელექტროსადგურები, რომლებიც ელექტროენერგიის მისაღებად ძირითადად დამოკიდებული არიან წიაღისეულ საწვავზე, ისეა დაპროექტებული, რომ გამომუშავება დაემთხვეს მოთხოვნას. მაგრამ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგია ჯერ ისე არაა განვითარებული, რომ ენერგია მოთხოვნის შესაბამისად აწარმოოს, რადგან წარმოება ეს უკვე ამინდის ფუნქციაა.
„ეს გახლავთ განახლებად ენერგიაზე მთლიანად გადასვლის მთავარი გამოწვევა ენერგეტიკის ბაზარზე“, — უთხრა The New York Times-ს კომპანია Energy Brainpool-ის დირექტორმა ტობიას კურთმა.
იქიდან გამომდინარე, რომ შენახვის ტექნოლოგია ჩამორჩება განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტიანობას, მოსალოდნელია, რომ ნეგატიური ფასის სიტუაცია კვლავ განმეორდეს. ამ შემთხვევაში, მთავრობას შეიძლება აბონენტთა წახალისება დასჭირდეს, რათა მათ ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდონ მაშინ, როცა ფასი ნეგატიურია.
მსგავს არარეგულაროლობას სასწრაფოდ სჭირდება გადაჭრა, რადგან განახლებადი ენერგიის წილი სწრაფად იზრდება, ამის მიზეზი კი ტექნოლოგიის ფასის ვარდნა და სამთავრობო სუბსიდიებია. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, 2040 წლისთვის, განახლებადი ენერგია გლობალური ენერგიის 40%-ს მიაღწევს.
მომდევნო ხუთ წელიწადში, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილი მსოფლიო მასშტაბით ყველა სხვა დანარჩენ წყაროზე სწრაფად გაიზრდება.
The Guardian-ის ცნობით, 2017 წელს, გაერთიანებულ სამეფოში განახლებადი ენერგიის წყაროებმა ქვანახშირით გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობას სამჯერ გადააჭარბა. ივნისში, ერთი განსაკუთრებულად ქარიანი ღამის შემდეგ, ბრიტანეთში ელექტროენერგიის საფასური რამდენიმე საათის განმავლობაში გახდა ნეგატიური და როგორც ჩანს, ეს სიტუაცია კვლავ განმეორდება.
მომზადებულია The New York Times-ისა და Business Insider-ის მიხედვით