ესპანეთის პრემიერ – მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, სიფხიზლე და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
„შემთხვევების მატების გამო მსურს სიფრთხილისა და სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ. სიფხიზლისკენ იმის გამო, რომ ეპიდემიის კურსის განვითარება არ არის კარგი, ის შემაშფოთებელია, განსაკუთრებით ზოგიერთ ადგილებში და შესაბამისად, ჩვენ ის უნდა შევაჩეროთ. თუმცა, სიფხიზლესთან ერთად აუცილებელია სიმშვიდე, რადგან ჩვენ შორს ვართ მარტში არსებული სიტუაციისგან. არ უნდა წარმოიშვას შიში, რომ ის ჩვენ პარალიზებას მოახდენს და შეგვაჩერებს“, – განაცხადა პრემიერმა.
იგი ამასთან, მოსახლეობას დაჰპირდა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას შეაჩერებს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, პანდემიამ ისევ მოიცვას ჩვენი ცხოვრება. ჩვენ უნდა ავიღოთ კონტროლი, უნდა დავამარცხოთ მეორე ტალღა, რომელიც კვლავ სახიფათოდ იზრდება. რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად ვიზამთ ამას, მით უკეთესი“, – აღნიშნა სანჩესმა.
მისივე თქმით, სასკოლო წელი ჩვეულებრივ დაიწყება და ამაზე ხელისუფლება მუშაობს. ესპანეთში კარანტინის დასრულების შემდგომ, კოვიდ-19-ს ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ამჯერად სიკვდილიანობის მაჩვენებელმა იკლო.