ქართველი დედა-შვილი, რომელსაც 13 წლის მანძილზე ათენში, ანო პეტრალონადან გაუჩინარებულად თვლიდნენ, პაკისტანელების მიერ მოკლული აღმოჩნდა.
რამდენიმე დღის წინ პოლიციას ანონიმურმა წყარომ აცნობა, თუ ვინ იყვნენ მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირები და გამოძიებამ მაშინვე მიაკვლია სამ კრიმინალს. აქედან ერთი პაკისტანელი ათენის ცენტრში მაღაზიებსაც ძარცვავდა. დაკავების შემდეგ მათ დანაშაული აღიარეს.
ორ პაკისტანელს ბრალად უშუალო მკვლელობა ედება, ხოლო მესამე მათ, ქართველი ქალების დახოცვის შემდეგ, კვალის დაფარვაში ეხმარებოდა.
პაკისტანის 54 წლის მოქალაქე გამომძიებელს დეტალურად უყვება დანაშაულის შესახებ.
“დანაშაულს ვაღიარებ და ძალიან ვნანობ. ნამდვილად მონანიებული მაქვს. ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა, არამედ გარემოებებმა მაიძულა მკვლელობა ჩამედინა. ვაღიარებ, რომ ანა და მისი დედა მოვკალი და რაღაც მომენტში ვფიქრობდი, ჩავბარებოდი პოლიციას, მაგრამ მეშინოდა.
ქართველი დედა-შვილი მაშანტაჟებდა. 21 წლის ანასთან 3 წელი მქონდა უკანონო ურთიერთობა და ამ დროის მანძილზე მისთვის დაახლოებით 21.500 ევრომდე მაქვს მიცემული. მეუბნებოდა, რომ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება უნდოდა და ფულს მართმევდა.
თანხას როცა მთხოვდნენ, მემუქრებოდნენ, რომ თუ არ მივცემდი, ჩემს ცოლს ეტყოდნენ ურთიერთობის შესახებ, რომელიც ანასთან მქონდა. სწორედ ამიტომ ორივე სახლში დავიბარეთ, დავხოცეთ და ცხედრები დავანაწევრეთ,” – ამბობს პაკისტანის მოქალაქე.
მკვლელობის შემდეგ პაკისტანელებმა სხეულების ნაწილები უბნის სხვადასხვა ურნებში ჩაყარეს.
ქართველი დედა-შვილის გაუჩინარების შესახებ განცხადება ომონიის განყოფილებაში 2007 წლის 6 ივლისს შევიდა და მას შემდეგ ორივეს დაკარგულებად თვლიდნენ.