საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატა შეიქმნა

0
1405

პირველად საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო და ეკონომიკური პალატა შეიქმნა.

პალატის შექმნაში პოლონური და ქართული 20 ორგანიზაცია მონაწილეობდა სხვადასხვა სექტორიდან.

პროცესებში ჩართული იყო როგორც პოლონეთის საელჩო საქართველოში, ისე საქართველოს საელჩო პოლონეთში.

სავაჭრო პალატის პარტნიორები არიან პოლონური ინვესტიციის და სავაჭრო სააგენტო (Polish investment and trade Agency) და „აწარმოვე საქართველოში“ (Enterprise Georgia).

პალატის ეფექტურ მუშაობას განაპირობებს დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი, საიმედო პარტნიორების არსებობა და მყარი ინვესტიციები.
სერვისები, რომელსაც ორგანიზაციები პალატაში გაწევრიანების შემდეგ მიიღებენ: 1) ორგანიზაციის გაფართოების გეგმა პოლონეთის ბაზარზე; 2) პოლონეთში კომპანიის ცნობადობის ეფექტური გაზრდა; 3) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა; 4) პირდაპირი კონტაქტი სხვა პალატის წევრ კომპანიებთან – პოლონეთში; 5) მიმზიდველი ტენდერების ყოველთვიური ჩამონათვალი პოლონეთში; 6) ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი – პოლონეთიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესინფორმაცია; 7) ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ბიზნესს, მათ შორის: თავისუფალი დაშვება CRM-ს სისტემაში; 8) მონაწილეობა პოლონეთის ბიზნეს, კულტურული და ინტეგრაციის ღონისძიებებში.

როგორც პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მარჩინ რუტოვიჩმა განაცხადა, საქართველო პოლონეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. “საქართველო, პოლონეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ბაზარი, რომელიც ყოველ წელს იზრდება. სავაჭრო პალატის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს პოლონეთი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პროცესს, გაზარდოს ქართული ნაწარმის ექსპორტი, განხორციელდეს ქართული ბიზნესის გაფართოება და მისი ცნობადობის გაზრდა პოლონეთში. პოლონეთისა და საქართველოს 25-წლიანი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, საერთო სავაჭრო პალატის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი ქვეყნის გამოცდილების გაცვლა-გაზიარება ბევრ სფეროში იქნება ნაყოფიერი, როგორც ქართული, ისე პოლონური ბიზნესსექტორისთვის”, – აღნიშნა მარჩინ რუტოვიჩმა. pia.ge