საახალწლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელმაც აფხაზ მომხმარებლებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე გადაღებულია ავტომობილი, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის სანომრე ნიშნებია დამონტაჟებული. ფოტოს თან ერთვის მცირე ვიდეორგოლიც.
ფოტოს ავტორი ალიას კუკავა აღმოჩნდა, – სოხუმის 26 წლის მკვიდრი. მან დაუდასტურა “სპუტნიკს”, რომ პარიზში აფხაზური სანომრე ნიშნით გადაადგილდებოდა.
“საფრანგეთის დედაქალაქში რუსული სანომრე ნიშნებით შევედი და უკვე იქ შევცვალე აფხაზურზე. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პატრიოტული მოტივებით გავაკეთე. მინდოდა, რაღაცნაირად განმეცხადებინა ჩვენი ქვეყნის შესახებ ევროპაში და ამისათვის ეს გზა ავირჩიე”, – განმარტავს ალიასი.
მოგზაურის თქმით, მისი მანქანა ეიფელის კოშკთან თითქმის მთელი დღის განმავლობაში იდგა. თავად კი შორიახლოს იჯდა, სკამზე და ადამიანების რეაქციას ადევნებდა თვალს.
“მანქანა ევროპელებისთვის უცნობი სანომრე ნიშნით ყველას ყურადღებას იპყრობდა, ხალხი ჩერდებოდა, ზოგი თითს იშვერდა მისკენ, ზოგიც მის ფონზე ფოტოებს იღებდა”, – ყვება კუკავა.
მოგზაური ირწმუნება, რომ სოხუმიდან ახალი წლის წინა დღეებში ბიძამისთან ერთად გაემგზავრა. მათ მოიარეს პოლონეთი,გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, ბელგია, ბელორუსია, ჰოლანდია და სლოვაკეთი. სულ მოგზაურებმა დაახლოებით 10 000 კმ გაიარეს და 2 ტ საწვავი დახარჯეს.