პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს კვირა დღეს ვაჭრობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას. ნოემბრის ბოლოს, პოლონეთის სეიმმა მიიღო კანონი, კვირა დღეს ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. კანონი ძალაში ეტაპობრივად შევა 2020 წლამდე.
„მსგავსი შეზღუდვები არის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენი შემთხვევა გამონაკლისი არ იქნება. ძალიან განვითარებულ ქვეყნებშია მსგავსი შეზღუდვები, მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში.“-განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ პოლონეთის მაცხოვრებლები ამ შეზღუდვისგან არ დაზარალდებიან, რადგან დაშვებულია გამონაკლისები, მათ შორის აფთიაქებისთვის, საწვავის გასამართი სადგურებისთვის და სხვა.
გარდამავალი პერიოდი 2018 წლის მარტში დაიწყება. ამ მომენტიდან მაღაზიები გახსნილი იქნება მხოლოდ თვის პირველ და ბოლო კვირა დღეს. 2019 წელს კი მაღაზიების მუშაობა დაშვებული იქნება მხოლოდ თვის ბოლო კვირა დღეს, ხოლო 2020 წლიდან საბოლოო შეზღუდვა ამოქმედდება.
კანონმა პოლონელი დეპუტატების კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის აღმოსავლეთ სასაზღვრო რაიონებში ვაჭრობას დააზარალებს. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ ბელორუსის მაცხოვრებლები, პოლონურ მაღაზიებში, წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტს ტოვებენ. kvira.ge