კრიმინალის გამო, საქართველომ EU-სგან ვიზალიბერალიზაციაზე გაფრთხილება მიიღო

0
5946

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართველთა ორგანიზებულ კრიმინალში ჩართულობის გამო, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირიდან გაფრთხილება მიიღო.

ევროკომისიამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანების შესრულების ჭრილში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ მომზადდა. მასში განხილულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პირველადი შედეგები. ამ ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

“ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომლის მოქალაქეებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები არიან საკმაოდ მოქნილები და ისინი წარმოდგენილი არიან არაერთ ქვეყანაში, ისინი ძირითადად ქურდობასა და ყაჩაღობაზე არიან ორიენტირებული. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში”, – წერია ევროკომისიის ანგარიშში.

ის პრობლემები, რომლებზეც ევროკომისიის ანგარიშშია საუბარი, ამ დროისთვის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ გამოიწვევს, თუმცა მათმა შემდგომმა გამწვავებამ შესაძლოა, აღნიშნულის რისკი გაზარდოს.

ევროკომისიის ანგარიში მხოლოდ შენიშვნებს არ მოიცავს და მასში დადებითად არის შეფასებული ის საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციისთვის აწარმოა.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 18 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის დეკემბრამდე, ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს. tabula.ge