ბ-ნო ირაკლი . თქვენ მას შემდგომ რაც დიასპირის საკითხებზე დაიწყეთ მუშაობა არაერთი ინიციატივით გამოხვედით. რას ფიქრობთ რამდენად აქტიურია ქართული დიასპორა თქვენი და ზოგადად მსგავსი ინიციატივეების მიმართ?
მადლობას გიხდით ინტერესისთვის, ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ თითქმის 1 წელია მე პრაქტიკულად არ ვმონაწილეობ პოლიტიკურ თოქ-შოუებში, იშვითად ჩანს ჩემი განცხადებები თუ ინტერვიუები პრესაშიც, გამოვედი ყველა პოლიტიკური ფორმატიდან და მთელი ენერგია, ჩემი ცოდნა, კონტაქტები ეკუთვნის ჩვენს ემიგრაციას, ჩვენს დიასპორას. Diaspora.ge ეს იმდენად ახლოა ჩემს ინტერესებთან, ცხადია ვერ ვიტყოდი უარს შემოთავაზებაზე, მომეცა ინტერვიუ. რაც შეეხება ინიციატივებს, დიახ, ვფიქრობ ეს არც არის გასაკვირი, ათწლეულების მანძილზე ჩვენი ხალხი ელოდებოდა რეფორმებს, რომელსაც უნდა უზრუნველყო მათი უკან დაბრუნება. ვწუხვარ, რომ მოლოდინის რეჟიმი გრძელდება და ემიგრანტთა რიგებს ყოველდღიურად ემატება ადამიანები. სიმართლე გითხრათ, ინიციატივები ჯერ კიდევ წინ არის, ერთადაერთი ინიციატივა, რომელიც ფართო საზოგადოებას წარვუდგინეთ, ეს იყო სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ემიგრანტებისთვის სპეციალური საშეღავათო პირობებით შეთავაზება და 10 წლის ვადით ყველა გადასახადისგან მათი გათავისუფლება. რამდენიმე თვეა შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფი, ვსწავლობთ, სიღრმისეულ ანალიზს ვუკეთებთ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევებს და მათი გათვალისწინებით ვქმნით სპეციალურ პროექტებს, რომელსაც მალე იხილავს ჩვენი ემიგრანტები და მთლიანად ფართო საზოგადოება. თითოეული პროექტის მიზანია ჩვენი ხალხის ეტაპობრივად უკან დაბრუნება და ჯგუფის თითოეული წარმომადგენელი ამ იდეას უყურებს ახლო მომავლის ყველაზე პერსპექტიულ საქმედ, პირადად ჩემთვის კი ეს ეროვნული მნიშვნელობის საქმეა და კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს. ისე, მე რეფორმატორი ვარ, ჩემი საქმეა ცვლილებები, გარდაქმნა, ტრანსფორმაცია და ყველაზე მეტად მგონი ემიგრანტებს ესმის ჩემი, საერთო გადაკვეთის წერტილები გვაქვს, თამამი და გააზრებული ნაბიჯები გვჭირდება ჯერ ოჯახების გამთლიანებისთვის და შემდეგ ქვეყნის დეოკუპაციისთვის.
როგორ ფიქრობთ სამშობლოში დაბრუნების პროგრამები უზრუნველყოფს თუ არა დაბრუნების მსურველი ემიგრანტების საჭიროებებს და რაა კიდევ ამ მიმართულებით გასაკეთებელი ?
კოტე, მე ახლა ვერ ვხედავ სამშობლოში დაბრუნების უზრუნველმყოფ პროგრამებს, მაგრამ როგორც გითხარით, მე და ჩემი გუნდი ამაზე უკვე ვმუშაობთ. ერთადერთი პროგრამა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო 2015 წლიდან ახორციელებს ეს არის ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა’’, რომლის მიმართ მე მაქვს სკეპტიკური განწყობა, ვინაიდან ამ პროგრამის ყოვლწლიური ბიუჯეტი შეადგენს საშუალოდ ნახევარ მილიონ ლარს და მოდი თავად გააკეთეთ დასკვნა, ეფექტურია თუ არა იგი. ეს კარგი ნაბიჯია, მივესალმები, მაგრამ უნდა გაიზარდოს და გაათმაგდეს მისი დაფინანსება ელემენტარული სასურველი რეზულტატისთვის.
ჩვენი სამუშაო ჯგუფი ამზადებს პროექტებს, რომლითაც დაბრუნების მსურველ ემიგრანტს და ასევე დიასპორას ექნება სპეციალური შეთავაზებები მთავრობისგან, კანონმდებლობისგან, დაბრუნდნენ და რეალიზდნენ მცირე და საშუალო ბიზნესში. მეტს წინასწარ არ გეტყვით, მირჩევნია ეს გაჩვენოთ საქმით, მალე იქნება პრეზენტაციები
ქართული სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს თუ არა ემიგრანტებისთვის პროგრამებს რომლებიც ადგილზე დაეხმარება მათ სამუშაოს მოძიებაში და როგორ უნდა ხორციელდებოდეს?
თუ თქვენ გაეცნობით ყველაზე ავტორიტეტული ორგანზაციების კვლევებს და მოახდენთ ქართული რეალობის შედარებას, ნახავთ, რომ დაბრუნების მოტივაციისთვის სამუშაოს მოძიება და ხელფასი არ არის საინტერესო და საკმარისი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი ხალხი თავის დროზე და ახლაც მიდის ემიგრაციაში ეს არის დაბალი ხელფასი და არახელსაყრელი გარემო. მე და ჩემი გუნდი, ვფიქრობთ, ჩვენ უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები და ჩვენს ემიგრანტებს, ხალხს, ვინც ყოველგვარი ნეპოტიზმის, ბიძია-ბაბუების გარეშე, საკუთარი შრომის, რისკის და ენერგიის ფასად დაგროვილი აქვთ გამოცდილება, უნარები, იციან შრომის და იგივე ფულის ფასიც, უნდა მივცეთ შესაძლებლობა რეალიზდნენ არა მხოლოდ სამსახურებში, არამედ ბიზნესში და თავად შექმნან სამსახურები სხვებისთვის. ეს რეალურია, გეგმა არის, მთავარი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა.
როგორ შეაფასებდით დიასპორების დეპარტამენტის მუშაობას. თქვენი აზრით რა შეიცვალა სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შემდგომ ?
რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ძალიან საინტერესო ადამიანი დგას დიასპორის დეპარტამენტის სათავეში, მინისტრსაც პატივს ვცემ, ჩვენ ერთ უწყებაში ვმუშაობდით წლების წინ და მაკავშირებს პირადი ნაცნობობაც, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. სახელმწიფოს რაციონალური რესურსებიდან გამომდინარე ილუზორულია, რომ დეპარტამენტი შეძლებს ემიგრაციასთან მუდმივ და ეფექტურ კავშირს, თუმცა მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის ჩვენი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. ჩვენ მზად ვართ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, უფრო მეტიც მზად ვართ გავხდეთ კომიტეტის პარტნიორი, გვქონდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. იყო საკითხები, სადაც ჩემი და კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე რამდენიმე დეპუტატის ხედვები იგივე სახელმწიფო პროგრამის კრიტიკის ნაწილში იყო სრულ თანხვედრაში. ჩვენ მზად ვართ გავხდეთ ნებისიერი ორგანიზაციის თუ ფიზიკური პირის პარტნიორი, ვინც ფიქრობს რომ უნდა მოხდეს ემიგრანტების ეტაპობრივი დბარუნება-რეინტეგრაცია სამშობლოსთან. ვფიქრობ, შეცდომა იყო გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება დიასპორის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ახლოსაც არ დგას ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებთან. ბევრი ვიფიქრე და ახლა მინდა თქვენც დაფიქრდეთ, არსებობს ინსტიტუციები, მაგრამ არ არსებობს ემიგრაციის საკითხთა არც ერთი მსხვილი ორგანიზაცია თბილისში. დიპლომატიურ სამსახურებს, საელჩოებს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების მშენებლობა და განმტკიცებაა, რამდენად კარგად ასრულებენ ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ მე იმაზე მინდა მივმართო თქვენი ყურადღება, რომ ჩვენი ოჯახებიდან მსოფლიოში მიმოფანტულ ხალხს რეალურად არ ჰყავს მზრუნველი და არც არსებობს ხიდი, ძლიერი კავშირი ემიგრაციასა და სახელმწიფოს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა შევქმნათ ძლიერი, ავტორიტეტული ემიგრაციისა და დიასპორის თვითმმართველობის ახალი, თანამედროვე და ეფექტური არასაბიუჯეტო, თავისუფალი ინსტიტუცია, ორგანიზაცია, რომელიც იქნება ხიდი და ამასთან ერთად დაბრუნების საკითხებზე მომუშავე რეფორმების კლუბი. ამ საქმეში არ ვითანამშრომლებთ პარტიულად ეგზალტირებულ პირებთან, არ ვითანამშრომლებ ჩინოვნიკებთან ან/და ოპოზიციის ლიდერებთან სელფების გადაღებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან. ვითანამშრომლებ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანზიაციებთან, სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან, ვინც კეთილსინდისიერი და პრინციპულია, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან.
საქართველოს პოლიტიკურ პარტიების უმრავლესობას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და პროგრამა ემიგრაციის და დიასპორის მიმართულებით როგორ ფიქრობ რა არის ამის მიზეზი ?
როცა ჟურნალისტები მეკითხებოდნენ თუ ვის დავუჭერდი მხარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებში, მე მათ ვეუბნებოდი, რომ მხარს დავუჭერდი მხოლოდ იმ ძალას, რომელიც წარმოადგენდა ემიგრანტების უკან დაბრუნების სტრატეგიულ გეგმას, სამწუხაროდ არც ერთმა არ გააკეთა ეს, შესაბამისად არც მე არ გავტეხე ჩემი სიტყვა და არცერთისთვის არ გამომიცხადებია მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარტიის ლიდერს ვიცნობ პირადად, ვერ გეტყვით რას ფიქრობს პარტიები ამ საკითხზე, რადგან ისინი ამაზე საერთოდ არ საუბრობენ, რაც ძალიან ცუდია და ნეგატიურად ვაფასებ. ჩემთვის პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალის შეფასებისას, ერთ-ერთი ბარომეტრია მათი აზრი და ხედვები ემიგრაციაზე, როგორ შეიძლება იყო ან გინდოდეს პოლიტიკოსობა და არ საუბრობდე 1 700 000 თანამემამულეზე, რომელიც გადახვეწილი გვყავს უცხო ქვეყნებში ? ეს მე არ მესმის და მოდი დღეს არ გვინდა პოლიტიკოსების განხილვა, გავაგრძელოთ პროგრამებზე, გამოწვევებზე.
ვიზალიბერალიზაციის შემდგომ რატომ გაიზარდა ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა და რას ფიქრობთ ზოგადად ამ საკითხის ირგვლივ ?
დავიწყოთ იმით, საქართველო არის მომხმარებელი ქვეყანა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვქმნით ეკონომიკურ დოვლათს, რადგან არ ვართ მწარმოებლები. ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში არსებითად მცირეა. თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველო არ არის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით სტაბილური სახელმწიფო, ჩვენ განვითარების მცდელობის გზაზე ვდგავართ და საგარეო ნეგატიური ფაქტორების გარდა, სერიოზულად გვაფერხებს დილეტანტიზმიც, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ქვეყანას ტოვებს ბევრი ადამიანი დაუფრო მეტი წამსვლელთა რიგში დგას ან ამაზე ფიქრობს. ვინმეს უკვირს რატომ ტოვებს ოჯახს მისი წევრი ? ზაფხულობით გურიაში და სამეგრელოში ვარ ძირითადად, რა ხდება იცით ? გურული, მეგრელი და აჭარელი ჩაის და თხილის პლანტაციების დასამუშავებლად მიდის თურქეთში. გული მწყდება, როცა დაცარიელებულ სახლებს, ოჯახებს ვხედავ, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი და ეს ათწლელულების მანძილზე არსებული პრაქტიკა უნდა დავასრულოთ. დასრულება და ქვეყნის მოღონიერება შესაძლებელია ერთადერთი გზით, ვიდრე რუსული საფრთხე და აგრესია არ არის კონსერვირებული, იქამდე საქართველოში შეუძლებელია მსხვილ ინვესტიციებზე ფიქრი, ახლა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მიდის საუბარი და დაიწყო პროცესი, მაგაშიც კი ეჭვი მეპარება, დაუშვებს თუ არა საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფი ოკუპანტი ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებას საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ თვალსაზრისით, რომ ცოტა ხნის წინ მოხდა ნოვოროსისკის პორტის მოდერნიზაცია. მოკლედ, უნდა გადავერთოთ მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხვალ-ზეგ მთლიანად უნდა დავემშვიდობოთ ნეპოტიზმით დასაქმებულ კადრებს და მოვიწვიოთ ჩვენი წარმატებული დიასპორელები, იქნებ დავითანხმოთ და დასაქმდნენ საჯარო სექტორშიც.
და ბოლოს რას ეტყოდი ემიგრანტებს …
ჩემი და ჩემი გუნდის დამოკიდებულება ემიგრაციასთან და დიასპორასთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საქართველოს პარტნიორი ქვეყნის ინტერესებთან, უფრო მეტიც, ევროკავშირთან ნაკისრი გვაქვს ვალდებულებები და მას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, ხელისუფლებაც გახდება ჩვენი პარტნიორი და მივიღებთ მათ მხარდაჭერას დაბრუნება-რეინტეგრაციის მიმართულებით და გამოვალთ ფულადი გზავნილების მიღების ხიბლიდან. აქ, საკუთარ ქვეყანაში ჩვენს ემიგრანტებს ბევრად მეტი შეუძლიათ ვიდრე ფულადი გზავნილია. მათი დაგროვილი ცოდნა, უნარები, კონტაქტები, ბევრად დიდი კაპიტალია განვითარებადი საქართველოსთვის, ვიდრე ყოველთვიური ფულადი გზავნილები ჩვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების კვალდაკვალ, რომელიც პრაქტიკულად უმისამართოდ და უყაირათოდ იხარჯება.
მე მინდა თითოეულ ემიგრანტს, მათ შორის ჩემი ოჯახიდან ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს ვუთხრა მადლობა და ვუსურვო მხნეობა, თუ იარსებებს კონსოლიდაცია და ვირწმუნებთ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს ყველაფერი გამოგვივა და დავიწყებთ ჩვენი ხალხის ეტაპობრივ დაბრუნებას. მე მინდა თითოეულ ემიგრანტს ვუთხრა, რომ სამშობლო უხმობს მათ. 2018 წელი იქნება გარდამტეხი წელი, წელს დაიდება ათეულობით პროექტი, რომელიც მთავრობის და პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის ეტაპობრივ დაბრუნებას.
ნაკლები ხმაური, ნაკლები დემაგოგია, ნაკლები სენტიმენტები და პათეტიკა, მეტი საქმე, მეტი ინფორმაცია, მეტი კონსოლიდაცია, მეტი ინიციატივა, მეტი პროექტი და დაბრუნება-რეინტეგრაცია, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე ! ეს არის რეალობა.
2018 წელი ! ემიგრანტების ინტერესებზე და მათ დაბრუნებაზე ზრუნვის წელია ! ასე ვაცხადებ მე და ჩემი ბევრი თანამოაზრე ! 1 წლის თავზე, უნდა იყოს 10 000 ემიგრანტი დაბრუნებული, ეს მიზანია !
ჩვენ სხვა სახელმწიფო არ გაგვაჩნია ! სახელმწიფოზე და ხალხზე ზრუნვა უნდა ვაქციოთ მოდურად, ეს ყველაზე მეტად შეძლო ისრაელმა, შეძლებს საქართველოც !
ავტორი კონსტანტინე შენგელია.