საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის და პარლამენტის წევრებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის პარლამენტის სპიკერმა პარლამენტის უმაღლესი ჯილდო – "პერიკლეს ჯილდო" გადასცა.

ქართულმა მხარემ პარლამენტის სპიკერს და დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და ბერძნული მხარისგან სრული მხარდაჭერა მიიღო ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. აღინიშნა, რომ ოკუპაცია, ეს საერთო ევროპული პრობლემაა, რომელსაც ერთიანი მიდგომა სჭირდება.

როგორც შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთთან ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 15 საუკუნის წინ ჩამოყალიბდა ჩვენს ერებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ გეოპოლიტიკური ხედვა რეგიონის განვითარებასთან მიმართებაში.

"საქართველოს ევროპული არჩევანი არ გაკეთებულა გუშინ, საქართველოს ევროპული არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და საბერძნეთმა – ბიზანტიის იმპერიამ ერთნაირად დავინახეთ მომავალი ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის განვითარების.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ ბერძნული მხრიდან. ჩემს ენაში სიტყვა ბერძნული და სიტყვა ბრძენი არის ერთი და იგივე – ბერძენი – ბრძენი. და მე ნამდვილად ვხედავ აქ დღეს კოლეგებში ბრძნულ პოლიტიკას", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტებს შორის ურთიერთობების დინამიურ განვითარებას და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერებას. ხაზი გაესვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ხაზი გაესვა იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელსაც საბერძნეთი ავლენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან სარგებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიიღეს, აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნა საბერძნეთის პოზიტიური როლი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხში.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.
Home ყველა სიახლე საქართველოს პრეზიდენტს საბერძნეთის პარლამენტის სპიკერმა პარლამენტის უმაღლესი ჯილდო პერიკლეს ჯილდო გადასცა