მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს, რომელიც საერთო ძალისხმევის შედეგია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა განუცხადა, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს.
„ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. გვაქვს გერმანიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. გასულ წელს შესაბამისი შეთანხმებაც გაფორმდა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გერმანიის არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეულ მიწებთან. გასულ წელს რამდენიმე მხარეში გაიმართა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი და მათ შორის ოთხ მიწასთან გაფირმდა თანამშრომლობის შეთანხმება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ რეინ-ვესტფალიის მთავრობასთან. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნორებთან ერთად ყველა ნაბიჯი იდგმებოდეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს, რომელიც საერთო ძალისხმევის შედეგია.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თავშესაფრის არალეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ხშირად, მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი, ცრუ დაპირებებით კერძო პირების მხრიდან, რის შედეგადაც ქვეყნისთვის ზიანის გარდა, პირად ფინანსურ ზარალსაც იღებენ.
ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლევადიანი, 90-დღიანი ვიზიტით შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას“, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.
გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR იუწყება.
რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.
WDR-ის განმარტებით, საქართველოდან ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ.
„პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა“, – იუწყება ტელერადიოკომპანია