რას ცვლის მიგრაცია დედა-შვილის ურთიერთობაში

0
2323
Travel / Dirt Road
შვილები იძულებულნი არიან, შეეგუონ ახალ ცხოვრებას – დედის გარეშე და ელოდონ მის ჩამოსვლას.
დედები და შვილები, მათი ურთიერთობები და პრობლემები.
ამ საკითხებზე ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გვესაუბრება.

– ფსიქოლოგიური კუთხით რას ცვლის მიგრაცია დედა-შვილის ურთიერთობაში?
 
– გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შვილის ასაკს. ფსიქოლოგიაში დადგენილია პიროვნების განვითარების სტადიები, თითოეულ სტადიას აქვს თავისი ფსიქოლოგიური კანონზომიერებები, თავისი კრიზისული მხარეები. სახელდებით განვასხვავებ, რომ 11 წლამდე ჰქვია ბავშვი, 11 წლიდან უკვე მოზარდობის ხანა იწყება, რაც 18-19 წლამდე გრძელდება. ამ შემთხვევაში პიროვნული მოწიფულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცნებაა, ვიდრე ბიოლოგიური, მაგრამ ითვლება, რომ ზრდასრულობის ასაკისათვის პიროვნული მოწიფულობის პერიოდი დგება. გარდატეხის ასაკის პერიოდზე მშობლის (ამ შემთხვევაში დედის) როლი არ კარგავს მნიშვნელობას, მაგრამ მეორე პლანზე გადადის, რადგან თანატოლი მოდის წინა პლანზე. ამ პერიოდში მშობელთან დისტანცირება არ იწვევს ისეთ ტრავმას, როგორც 11 წლამდე, როდესაც მშობელი არის ცენტრალური ფიგურა. ექვს წლამდე ასაკის ბავშვისათვის კი შეიძლება ფატალურად მატრავმირებელი გავლენა ჰქონდეს ამ განშორებას.სკოლის ასაკში მასწავლებლის ფიგურა ხდება მნიშვნელოვანი და მშობელი ნელ-ნელა გადადის ფოკუსიდან ფონში, ამ მხრივ, მატრავმირებელი გავლენის პროპორციები რისკის თვალსაზრისით ნელ-ნელა კლებულობს, თორემ ობიექტურად, რა თქმა უნდა, მშობელთან კონტაქტს აღზრდა-განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ეტაპზე.
– როგორ ყალიბდება დედისგან შორს მყოფი მოზარდი?
– დედა ნებისმიერ ასაკში ყველაზე ახლო ადამიანია, რადგან დედის საშოში ყოფნის ცხრათვიანი პერიოდი და ბიოლოგიური სიმბიოზი მთელი ცხოვრება ტოვებს კვალს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფსიქოლოგიურ სიახლოვეზე. ემოციურად ყველაზე ახლობელ ადამიანთან დისტანცირება, რაღა თქმა უნდა, დისკომფორტს წარმოადგენს. თუმცა, მე ჩემი პრაქტიკიდან ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა დედა მოზარდისთვის სერიოზული დისკომფორტის შემქმნელია. მაგრამ იქ, სადაც მეტ-ნაკლებად ჰარმონიული ურთიერთობებია, დედასთან როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანთან განშორება, უნდა ქმნიდეს გაგების, სიყვარულის, უპირობო მიღების, მზრუნველობის დეფიციტს. თუ დედა გარდატეხის პერიოდში წავიდა და შვილი დეფიციტისა და უკმარისობის განცდას შეიგრძნობს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მათ შორის ნამდვილად ჰარმონიული ურთიერთობა იყო.

– ვირტუალური (სკაიპით) კონტაქტის შედეგები და ფსიქოლოგიური დახასიათება…
– ეს არ არის ცოცხალი კონტაქტი, ეს სუროგატია, მაგრამ კონტაქტი არის, აუდიურიც და ვიზუალურიც, ჩვენი შეგრძნების ეს მოდალობები ჩართულია და არ შეიძლება ამას ვირტუალური ვუწოდოთ. მხედველობითი, სმენითი კონტაქტი ჩვენს გრძნობად სფეროში სერიოზული განცდების ამოქმედებას იწვევს და ამ მხრივ ჩვენ მთლიანად პიროვნული ჩართულობა გვაქვს. ეს არის დისტანციური კონტაქტი. ისევე, როგორც ცოცხალი და ჩანაწერი მუსიკის მოსმენაში არის განსხვავება. მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, ემოციური ჩართულობა არის, თუმცა ამ დროს შეხებითი კონტაქტის არსებობა გამოირიცხება. როცა ადამიანი გვენატრება, გვინდა მასთან ხელით შეხება. დედა-შვილის ფიზიკურ სიახლოვეს შეხებას, კოცნას, მოფერებას – ამ შეგრძნებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ქალის წასვლის მიზეზად სოციალური ფონის გარდა სხვა მიზეზებსაც თუ გამოყოფთ?
– ქალის წასვლის წამყვანი მიზეზი სოციალური ფონია. ქალის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, თუ ის იძულებული არ არის, არ მოწყდება იმ ადამიანებს, რომელთაც თავისი შვილები ჰქვიათ. როგორც წესი, ეს ის ოჯახებია, სადაც, სამწუხაროდ, მამაკაცები ვერ ახერხებენ ოჯახის რჩენას. ეს არის ჩვენი რეალობის სერიოზული ტრავმა, სერიოზული სულიერი დრამა და ფსიქოლოგიური ტრაგედია. შეიძლება მოზარდი ემოციურად არ განიცდიდეს მშობლის სიშორეს და უხაროდეს კიდეც მისი მეთვალყურეობის გარეშე დარჩენა, მაგრამ მას მაინც ზიანი მიადგება, რაც ვლინდება და რასაც ვიმკით შემდგომში, როდესაც ის პიროვნებად ყალიბდება და სოციუმის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს. ეს ზიანი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე შეიძლება იმ მომენტში განვჭვრიტოთ, იმიტომ, რომ ეს არის სერიოზული რისკი.
– არის შემთხვევები, როდესაც მიგრაციაში წასული ქალები წლობით ტოვებენ საკუთარ ოჯახებს, თითქოს ფინანსურად არც ისე უჭირთ, მაგრამ მაინც არ ჩამოდიან.
– ეს არის ზომიერების საზღვრების დაკარგვა, როდესაც ადამიანი ვერ აკონტროლებს ზომიერების ფარგლებს, როდესაც ის ფასეულობების, პრიორიტეტების სწორად რანჟირებას, პირველხარისხოვანსა და მეორეხარისხოვანს შორის მიმართებების დამაყარებას ვერ ახდენს. ვინც აპირებს წასვლას, ან უკვე წასულია, უნდა გააცნობიეროს ის რისკი, რომ რაღაც მომენტში მან შეიძლება დაკარგოს საზღვარი და მატერიალური მოხვეჭის მოტივით, მეორე პლანზე გადაიყვანოს ყველაზე მნიშვნელოვანი – შვილები და ოჯახი. სერიოზული რისკია არა მხოლოდ შვილებისათვის, არამედ ოჯახში დარჩენილი მეუღლეების დაკარგვის თვალსაზრისითაც, რადგანაც, როგორც ჩვენში არსებობს გამოთქმა, ,,თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდება”. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა რისკებია, თორემ, რა თქმა უნდა, არის ოჯახები, ქალის წასვლა საზღვარგარეთ ოჯახის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხია. კრიტიკული და ცალსახა დამოკიდებულებისგან თავს შევიკავებდი, არ არის სწორი.

ავტორი: თამარ შამათავა