პრემიერი: ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას

0
2867
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, „მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა“, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ დაანონსებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, უკვე წარმოდგენილია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„მოგახსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას. 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე – 5%-დან 1%-მდე და ის მოიცავს 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს. ძალიან მასშტაბური ცვლილბებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალზიაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთარებით, ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახზე ეს ცვლილებები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა. მინდა გთხოვოთ, რომ მთელს ქვეყანაში მაქსიმალურად ყველამდე მივიტანოთ ეს ცვლილებები, ეს სიკეთე, რომელსაც ახლა ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან კარგია, რომ ყველამ გაიგოს ეს შესაძლებლობა და ეს უდიდესი შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ცვლილებებს ახლავს კიდევ სხვა ადმინისტრაციული ტიპის შემსუბუქება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს საკუთარი დროის ძალიან პატარა მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ავტორი: თელარა გელანტია bm.ge