იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის – უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის Schengen/EU App-ის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ 1tv წერს.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 27 თებერვალს გამართავს.
სამინისტროს ცნობით, მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ჩაინიშნონ შენგენის, ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა, რათა უნებურად არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები.
აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება: შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორიის შენახვა (მათ შორის, ქვეყნების მითითებით); დარჩენილი დღეების რაოდენობის გამოთვლა; კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.
2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა – 1570-მდე გაიზარდა.
ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებაც მოითხოვა.
მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.