6 მარტს გაიმართა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის შეხვედრა სერბეთის პატრიარქთან მის უწმინდესობა ირინეოსთან. შეხვედრამ ჩაიარა უაღრესად თბილ ატმოსფეროში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მაღალ დონეს და ორი ქვეყნის საპატრიარქოების წვლილს აღნიშნული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში.
სერბეთის პატრიარქის მხრიდან ცალსახად აღინიშნა, რომ სერბეთის საპატრიარქო არა მხოლოდ მხარს უჭერს და მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არამედ არ დაუშვებს სერბეთის საპატრიარქოსთან არც ერთ იმგვარ კონტაქტს, რომელიც შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ და ჩრდილი მიაყენოს სერბულ-ქართულ ურთიერთობებს. ელჩსა და პატრიარქს შორის გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპატრიარქოებს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და ოპერატიული კონტაქტების განმტკიცების აუცილებლობას.