2018 წლის იანვარში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა 1859 განაცხადი შევიდა

0
1627

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა 1859 აპლიკაცია შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია პირველმა არხმა თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოდან მიიღო.

როგორც  თავშესაფრის მინიჭების ევროპულ სააგენტოში აცხადებენ, ეს არის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ.

თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შედიან ევროკავშირის ქვეყნები, აგრეთვე ნორვეგია და შვეიცარია.

ევროპული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან აპლიკანტების რაოდენობა 2017 წლის სექტემბრიდან გაიზარდა. 2018 წლის იანვრის მონაცემები კი, 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

სააგენტოს ცნობით, იანვრის მონაცემებით, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყნების ექვსეულშია სირიის, ერაყის, ავღანეთის, ნიგერიისა და პაკისტანის შემდეგ. 2018 წლის იანვარში ყველაზე მეტი განაცხადი შესულია სირიიდან – 5932 აპლიკაცია, ერაყიდან – 3803, ავღანეთიდან – 3136, ნიგერიიდან – 2732  და პაკისტანიდან  – 2313 განაცხადი.

2018 წლის იანვრის მონაცემებით, სულ  ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა 53 175 განაცხადი შევიდა, რაც 8%-ით მეტია 2017 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით. სამიდან ერთი აპლიკანტი სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ნიგერიიდან და პაკისტანიიდანაა.

ავტორი ქეთევან ქარდავა 1tv.ge