ევროკავშირი ვიზების გაცემის წესებს ცვლის. როგორც ევროკომისიის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზშიანათქვამი, ახალი ინიციატივა პირველ რიგში, უსაფრთხოების გაძლიერებას უკავშირდება, ამავე დროს, რეფორმის მიზანი საერთაშორისო მოგზაურებისთვის ტურისტული და ბიზნეს ვიზების მიღების ვადების შემცირება და პროცედურის გამარტივებაა.
როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმაგანაცხადა, ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად, ვიზების გაცემის ვადა 15-დან 10 დღემდე შემცირდება.
ამავე დროს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლის მსურველებს სავიზო განაცხადის შევსება გამგზავრებამდე 6 თვით ადრე შეეძლება. დღეს ეს მაქსიმუმ 3 თვით ადრეა სავალდებულო. ამასთან, აპლიკაციის შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად.
როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, რეფორმის შედეგად, ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 1 წლიდან 5 წლამდე გაიზრდება და მისი მიღება უფრო მარტივი იქნება იმ მოგზაურებისთვის, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ხანგრძლივი და დადებითი ისტორია აქვს.
ევროკომისიის მიერ შეთავაზებული რეფორმის კიდევ ერთი პუნქტი მოკლევადიანი ვიზების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს. კერძოდ, ტურისტებს შვიდ დღიანი ვიზების მიღება ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შეეძლებათ. მსგავსი ვიზა მოგზაურებს საშუალებას მისცემს შვიდი დღე დარჩნენ მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელმაც აღნიშნული ვიზა გასცა.
ევროკომისიის ახალი ინიციატივა სავიზო მოსაკრებელის 25 პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, მოგზაურებს 60 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ. ევროკომიასაში აცხადებენ, რომ გაზრდილი გადასახადი საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს სასაზღვრო კონტროლი გააძლიერონ, განაახლონ შესაბამისი აღჭურვილობა და გაზარდონ თანამშრომელთა რაოდენობა.
სავიზო კოდექსის ცვლილებები ასევე მოიცავს ახალი, უფრო მკაცრი მექანიზმის ამოქმედებას და შესაბამისად, ვიზების მიღებაზე უფრო მკაცრი პირობების დაწესებას იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც არ თანამშრომლობენ ევროკავშირთან არალეგალური მიგრანტების რეადმისიაზე.
ევროკომისიის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ წელს გაზაფხულიდან ევროკომისია ვიზების საინფორმაციო სისტემის გადახედვის ინიციატივას წარადგენს. 2018 წლის ბოლომდე კი, ევროპარლამენტთან და წევრ სახელმწიფოებთან ევროკომისია დიალოგის დაწყებას გეგმავს, რათა ვიზების გაცემის პროცედურა სრულად ელექტრონული გახდეს.
ავტორი: ლევან ახალაია