კვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება, – ამის შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრის სილურისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში დღეს პირველად განხორციელდა ჩვენი შეხვედრა და ოფიციალური ვიზიტი. საერთაშორისო დონეზე ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ საკითხების გარშემო, რომელიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციას ეხება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოხდეს სახელმწიფო საზღვრების პატივისცემა. ასევე, ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ პრაქტიკულად გადავდგათ ნაბიჯები და სხვადასხვა დონეზე ვითანამშრომლოთ, როგორც ეკონომიკის, ტურიზმის, ისე კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის. კვიპროსში, ძალიან ლამაზ რეგიონში აშენდება ქართული მონასტერი. აქ ასევე არსებობს ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება. იმედს გამოვთქვამ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება“, – განაცხადა დიმიტრის სილურისმა