ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ან ხელის შეწყობა დასჯადი გახდება, თუკი პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ კანონპროექტს მიიღებს. შსს-ს კანონსპროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ შეუმუშავებია. პირველადი პროექტის მიხედვით, პასუხისმგებაში მიეცემიან ის ფიზიკური და იურიდული პირები, რომლებიც არა მხოლოდ გადაკვეთენ, არამედ ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი.
ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს ევროპის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის და კრიმინალის შესამცირებლად. ამ უწყებიდან „ბათუმელებმა“ განმარტებები წერილობით მიიღო.
თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლე ევროპის ქვეყნებში კრიმინალის მაჩვენებელი გაზარდა. ქართველი მიგრანტების მიმართ ამ მხრივ ყველაზე მკაფიო და კრიტიკული განცხადებები ბოლო დროს გერმანიაში გაკეთდა. მარტის დასაწყისში გერმანიის მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. „არსებულ ტენდენციაში უნდა მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები“, – თქვა ქრისტიან კლოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
2014 წელს გერმანიაში 18 664-მა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული, 2015 წელს – 23 807-მა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 19 592-მდე შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინსიტროში განმარტავევენ, რომ ეს სტატისტიკა გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერაა გამოქვეყნებული და 2017 წლის სტატისტიკა ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის.
„იმის მიუხედავად, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე შეინიშნებოდა დანაშაულის მატების ტენდენცია ცალკეულ ფედერალურ მიწებზე, აღნიშნული მაინც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული მომატებულია, ვინაიდან წლიური მონაცემების შეჯამებით, როგორც აღნიშნულია 2016 წელს ფიქსირდება რაოდენობის კლება. რაც შეეხება, გერმანული მხარის მოთხოვნებს, მსგავსი კონკრეტული მითითებები არ არსებობს, თუმცა საქართველოს მთავრობა მუშაობს რიგ ღონისძიებებზე, რაც მიმართულია ევროპულ ქვეყნებში არსებული პრობლემატური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ… საქართველოს მთავრობა დეტალურად ეცნობა და სწავლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებულ ტენდენციებს. თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლოს კუთხით მუდმივად უმჯობესდება,“ – ნათქვამია „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ წერილში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინე მაჭავარიანი აწერს ხელს.
„ეს იმუშავებს“, – მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გოგიშვილი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე: „მთავარია, სწორად მოხდეს კანონის აღსრულება და ინფორმირება საზოგადოების. ბევრი კანონია კარგი, მაგრამ მისი სათანადოდ აღსრულება პრობლემაა. ეს კანონი შეეხება ასევე შრომით მიგრაციას. არსებობს ბევრი სააგენტო, რომელიც მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში დასაქმებაზე. ზოგი ლეგალურად მუშაობს, ზოგი კი ევროპაში დასაქმებას შირმად იყენებს. კარგი იქნება, თუკი კონტროლი ამ კუთხით გამკაცრდება. მნიშვნელოვანია, კოორდინაციის მაღალი ხარისხი სახელმწიფო ორგანოებს შორის“.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებისს გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ატაშეეების ქსელის გაფართოვებას აპირებს. ამ ეტაპზე საქართველოს წარგზავნილი ჰყავს ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში: ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი.
„უახლოეს მომავალში მოხდება ასევე შსს მეკავშირე ოფიცრის წარგზავნა ევროპოლის შტაბბინაში; ორმხრივი თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე, საქართველოს
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით გაფორმებული აქვს შეთანხმებები ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანასთან. დამატებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწასთან და გრძელდება მუშაობა სხვა ქვეყნებთან და სხვა რელევანტური ფორმატის ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელთა მიზანია ევროკავშირის მასშტაბით დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა,“ – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„მიგრაციის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ ატაშეეების დანიშვნამ უკვე გამოიღო შედეგი და კრიმინალის მაჩვენებელი გარკვეუწილად შემცირდა „მაგრამ ამას არ აქვს პირდაპირი კავშირი იმასთან, რომ ვინმე ევროპაში აღარ წავა, ვინც აპირებდა. კრიმინალის ნაწილში გააქტიურება მუშაობს იმ კუთხით, რომ სხვა ადამიანები, ვინც ევროპის ქვეყნებშია ახლა, თავს იკავებს ახალი კრიმინალის ჩადენისგან“, – ამბობს „მიგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი გოგიშვილი.
არალეგალური მიგრაციის შემცირების კიდევ ერთ გზად შინაგან საქმეთა სამინისტრო „უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის“ მინიჭებას ასახელებს. ამ დროისთვის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს ევროკავშირის და შენგენის ზონის 7 ქვეყანაში [ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები].
„მაგალითად, ისლანდიაში, მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივლისში საქართველო ცნეს უსაფრთხო ქვეყანად, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 90-დან (2017 წლის აგვისტო) 5-მდე (2017
წლის დეკემბერი) შემცირდა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც განიხილავენ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში
მოხვედრას, შემოიღებენ გამარტივებულ პროცედურებს და შეამცირებენ აპლიკაციის განხილვის ვადებს, დიდ წილად შეამცირებს თავშესაფრის მოთხოვნის რიკებს,“ – მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„მთავარია, ადამიანის უფლებების კუთხით დარღვევები არ იყოს სისტემური ხასიათის და და არსებობდეს კანონმდებლობა ყველა სახის დიკრიმინაციის წინააღმდეგ,“ – აღნიშნავს „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გოგიშვილი. მას აქვს მოლოდინი, რომ ევროპის სხვა ქვეყნებიც ეტაპობრივად მიანიჭებენ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს.
„სტატუსს მოგვცემენენ თუ არა, ჩვენ მაინც მოვახერხებთ აქ დარჩენას და მუშაობას,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ იმ ადამიანებმა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მიღებას ცდილობს.
საქართველოს რამდენი მოქალაქე ბრუნდება უკან, როცა მას ევროპაში თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით ერთიანი ბაზა არ არსებობს. „ეს განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა საქართველოში ბრუნდება ნებაყოფლობით და მათ შესახებ შს სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას, ასევე იმით, რომ თავად ევროკავშირის სახელმწიფოები მიმღებ ქვეყანას არ აწვდიან დეტალურ ინფორმაციას დეპორტირებული მოქალაქის გამოძევების საფუძვლების შესახებ,“ – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილში. წყარო.netgazeti.ge