ემიგრაცია ამერიკაში – ქართველებისთვის ნაცნობი პრობლემები და “პულიცერის პრემიის” მფლობელი მწერლის წიგნის ქართული თარგმანი

0
2838

ჯუმფა ლაჰირი – ავტორი, რომელის პოპულარობაც მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე იზრდება, დეკემბრიდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება. გამომცემლობა “პალიტა L” მუშაობს ავტორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანზე “უცხო მიწა”, რომელიც მკითხველისთვის ქართულ ენაზე ლიტერე ინვენტეს სერიის ფარგლებში გამოვა ქართულენოვანი მკითხველისთვის ავტორი სიახლე იქნება, რადგან “უცხო მიწა” პირველი რომანი იქნება, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნება. თუმცა აღნიშნული ნაწარმოები უკვე თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელიცაა.
2008 წელს, როდესაც ავტორმა 8 ნოველისგან შემდგარი კრებული “უცხო მიწა”გამოსცა, ის უკვე პულიცერის პრემიის მფლობელი და მსოფლიო მასშტაბით მეტად პოპულარული ავტორი იყო. არანაკლები პოპულარობა მოიპოვა აღნიშნულმა გამოცემამაც. ის მალევე მოხვდა “ნიუ ორკ თაიმსის” ბესტსელერების სიაში. ნაწარმოები მოკლე პერიოდში მრავალ ენაზე ითარგმნა. ქართულ ენაზე კი ის გამომცემლობა “პალიტა L-მა” თარგმნა.”ზოგადად აღმოსავლური და დასავლური კულტურების შერწყმა, ტრადიციების თავსებადობა – ახალი თემა არაა, მაგრამ ჯუმფა ლაჰირის პერსონაჟებმა სრულიად ახლოდან, შიგნიდან დაგვანახეს მტკივნეული პროცესი, რასაც უცხო სამყაროში ინტეგრირება ჰქვია. რაც უნდა წარმატებულები იყვნენ, მათ თითქოს რაღაც აკლიათ. და კრიტიკულ სიტუაციაში აშკარა ხდება, რომ ისინი არა ბრიტანელები ან ამერიკელები, არამედ ბენგალელები, ემიგრანტები არიან…” – საუბრობს მთარგმნელი ია ქვაჩახია.”ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. განსაკუთრებით საინტერესოა ემიგრანტების ხედვა, ემიგრანტული პორბელმები, მათი თვალით დანახული ამერიკა. ისინი ორი კულტურის, ორი ქვეყნის ტრადიციების შეთავსებას ცდილობენ და საბოლოოდ, ორივე კულტურის მატარებლები ხდებიან. ეს პროცესები თავად ემიგრანტების თვალით არის დანახული დაგაანალიზებული. ამერიკული ცხოვრების ფონზე ვიგებთ ბევრ რაღაცას ბენგალური ყოფის შესახებ. არაჩვეულებრია ნაწარმოების ქართული თარგმანიც. საოცრად კმაყოფილი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველიც კმაყოფილი დარჩება,” – განმატავს წიგნის რედაქტორი ლია თოფურია.”უცხო მიწა” ნაწარმოების თემატიკისა და ავტორის წერის სტილიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოების მოხიბვლას მარტივად ახერხებს.

“ეს არის სადა, თხრობითი პროზა, თუმცა სიმბოლოებში მრავლადაა გადმოცემული ქვეტექსტები. ავტორი სისადავეში საოცრად ახერხებს ამბის გადმოცემას. ფართო მკითხველზე გამიზნული ნაწარმოებია. 8-ვე მოთხრობის დასასრული მოულოდნელი სცენარით ვითარდება. განსაკუთრებით ტრაგიკული ფინალით კი ბოლო 3 მოთხრობა გამოირჩევა, რომლებიც საერთო პერსონაჟებით ერთ ციკლს ქმნიან,” – დაამატა ია ქვაჩახიამ.

რაც შეეხება თავად ავტორს, ჯუმფა ლაჰირი ბენგალელი წარმომავლობის ამერიკელი მწერალია, რომელიც ლონდონში დაიბადა. სწორედ მისი ბიოგრაფია განაპირობებს იმ პრობლემებსა და თემებს, რაზეც ნაწარმოებებში წერს. ავტორის პირველი წიგნი Interpreter of Maladies პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა. მან ასევე მიიღო PEN/Hemingway Award და The New Yorker Debut of the Year. ჯუმფა ლაჰირის კიდევ ერთი რომანი “სეხნია” ეკრანიზებულია ასევე ინდოელი წარმოშობის ამერიკელი ქალი კინორეჟისორის მირა ნაირის მიერ. მწერალი ამჟამად ბრუკლინში, ნიუ იორკში ცხოვრობს.

ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, გაეცნოს ამ საინტერესო, წარმოშობით ინდოელი მწერლის, პულიცერისა და ო’ჰენრის ლიტერატურული პრემიების მფლობელის ნაწარმოებს.