წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება თბილისის გარეუბნებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში: გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში.
„წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება.
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს.
წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება თბილისის გარეუბნებში. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში-გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში.
ასევე მინდა გითხრათ, რომ 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, მთელი თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელშიც ჩვენთან ერთად სიხარულით მონაწილეობენ ბიზნესკომპანიები. სწორედ მათი ჩართულობით, სადღესასწაულოდ მოირთვება ძალიან ბევრი ბაღი თუ სკვერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, „საქართველოს ბანკთან“ ერთად, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე დღესასწაულს მოაწყობს 70- მდე სტარტაპერი. დედაენის ბაღში განთავსდება საახალწლო ქალაქი, სადაც ორი კვირის მანძილზე გაიმართება კონცერტები, საახალწლო მსვლელობები, სპორტული ღონისძიებები, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინოთეატრი, საციგურაო მოედანი და კიდევ ბევრი გასართობი სივრცე გაჩნდება ამ საოცარ ქალაქში.
კახა კალაძის განცხადებით, წელს მაქსიმალურად შეეცდებიან, არ გადაიკეტოს თბილისის საკვანძო ქუჩები, რათა მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს.
„კიდევ ერთი ინფორმაცია- მოგეხსენებათ 31 ში მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ მეტრო მუშაობდა, წელს ამას დაემატება სხვა საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ყველა მსურველს მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. მათ შორის გლდანში და ვარკეთილში წამსვლელებისთვის მერია გამოყოფს უფასო ტრანსპორტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.