ბერძენმა სამხედროებმა თურქულ ვერტმფრენს, რომელიც საბერძნეთის აღმოსავლეთით, კუნძულ როსთან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს სამხედრო ვერტმფრენი.
შეგახსენებთ, 8 აპრილს ორმა თურქულმა ავია გამანადგურებელმა F-16- მა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, 7 ათასი სამხედრო ეგეოსის ზღვის კუნძულსა და ქვეყნის აღმოსავლეთით, სასაზღვრო ზონებთან განათავსეს .
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე თურქმა პოლიტიკოსმა , ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნულ კუნძულებზე პრეტენზია გამოთქვა. ასევე მარტის დასაწყისში , პატრულირების დროს, უამინდობით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ორმა ბერძენმა სამხედრომ თურქეთის საზღვარი გადაკვეთა. ისინი ამ დრომდე თურქეთში ჰყავთ დაკავებული.
თურქეთი სანაცვვლოდ ფეთჰულა გიულენის მომხრეების გადაცემას ითხოვს, რომლებიც საბერძნეთში 2016 წელს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ წავიდნენ.