უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა

0
730
ვლადიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის დღეს აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. „ამერიკის შეერთებული შტატები არის ძლიერი და სერიოზული პარტნიორი უკრაინისთვის უპირველეს ყოვლისა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის დაძლევას დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ, ამიტომ თქვენი დახმარება გვჭირდება. მსურს მოგიწოდოთ, რომ აშშ-მა გააგრძელოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება“, – განაცხადა ზელენსკიმ ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აშშ-ის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ დელეგაციას უკრაინის მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ უკრაინაში რეფორმები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად წარიმართება. „ჩვენ გვსურს, გავხდეთ ევროპული ქვეყანა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის მხრივ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უახლოეს მომავალში შეხვედრის იმედი გამოთქვა. ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი რიკ პერი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და სენატორი რონ ჯონსონი. უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შეფჩოვიჩს. ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთთან გაზის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროკომისიის მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გამოთქვა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების მნიშვნელობას. „ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დონბასში ვკარგავთ“, -განაცხადა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყანა მზად არის, იაროს სწორი, პატიოსანი ნაბიჯებით ევროკავშირისკენ. ინაუგურაციის დღეს ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა საქართველოს, უნგრეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებთან.
ავტორი:ჟანა მეგრელიშვილი