ნინო ბურჯანაძე საბერძნეთის ელჩს შეხვდა

0
955

ნინო ბურჯანაძე საბერძნეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, დიმიტრი კარაბალისს შეხვდა. „დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის პირველად შეხვდა დიმიტრი კარაბალისს. „მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, დიალოგი თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა. საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთის სახელმწიფოებს შორის არსებულ კეთილგანწობას და მეგობრობას. კარაბალისმა აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ 2008 წლიდან აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ასევე აქვს ინფორმაცია ბურჯანაძის პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ამიტომ მისთვისაც შეხვედრა საინტერესო იყო.როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ელჩთან მისი საუბრის ერთ-ერთი თემა კონფლიქტები იყო. საუბარი ორად გაყოფილი კვიპროსის თემას შეეხო და აღინიშნა, რომ კონფლიქტების დარეგულირებას დიდი ძალისხმევა და ფართო მოლაპარაკებების წარმართვა სჭირდება.

ასევე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, მას კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის სახელმწიფოსთანაც, ვინაიდან საბერძნეთის პოლიტიკურმა ინსტემბლიშმენტმა კარგად იცის მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. საბერძნეთის ელჩთან საუბრისას დრო დაეთმო საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის აუცილებელ პირობებს. ბურჯანაძემ ელჩს „დემოკრატიული მოძრაობის“ გეგმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია დელეგატთა ყრილობის ჩატარებას გეგმავს, სადაც სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული იქნება საბერძნეთის ელჩიც. ამასთან დაკავშირებით, ბატონმა დიმიტრი კარაბალისმა დიდი ინტერესი გამოხატა და პარტიის ლიდერს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის“, – აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.