შეწყდება თუ არა პირდაპირი ფრენები იტალიასთან – კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, ჩინეთისა და ირანის შემდეგ, შესაძლოა, იტალიასთანაც შეზღუდვები დაწესდეს. გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება მიიღებს. საკითხზე სპეციალური ჯგუფი მსჯელობს.
“ჟენევაში გვექნება ჩვენ საუბარი და ჩვენი მისია მუშაობს ჟენევის ჯანდაცვის ოფისთან აქტიურად იმისთვის, რომ ის ქმედებები, რაც არის დაკავშირებული კორონავირუსის შემდგომ პრევენციასთან დაკავშირებით, საქართველოც ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იყოს ჩართული,” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
გარდა ამისა, კორონავირუსის საფრთხის გამო, საქართველო ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის ინფორმაციით, ირანთან ფრენები ეპიდსიტუაციის მინელების შემდეგ აღდგება.
“ჩვენ ვაძლევთ ავიაკომპანიებს საშუალებას, რომ ცარიელი თვითმფრინავებით შემოფრინდნენ და გაიყვანონ საქართველოში მყოფი ტურისტები. ხოლო იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღდგება ფრენები, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გამოსწორდება ეპიდსიტუაცია ირანში,” – განაცხადა ლევან კარანაძემ.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკის მომატების მიუხედავად, საქართველო ამ დრომდე მწვანე ზონაშია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც მკაცრდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.