იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. იგი რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოვება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართვეოოს მოქალაქე დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.