იტალიაში, ქვეყნის მასშტაბით ერთ დღე-ღამეში 133 ადამიანი დაღუპა და ინფიცირების 1500-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა.

0
909

იტალიაში, ქვეყნის მასშტაბით ერთ დღე-ღამეში 133 ადამიანი დაღუპა და ინფიცირების 1500-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა შორისაა პიემონტის რეგიონის გუბერნატორი.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს იტალიის ციხეებში, სადაც 6 პატიმარი არა ვირუსმა, არამედ ბუნტმა იმსხვერპლა. მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პაემნების დროებითი გაუქმება გააპროტესტეს, რაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მანამდე, ოფიციალური რომის გადაწყვეტილებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში მოათავსეს. შეზღუდვები 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიუხედავად, იტალია ის ქვეყანაა, საიდანაც კორონავირუსი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. სწორედ იტალიაში იმოგზაურა ნატოს შტაბბინის იმ თანამშრომელმა, რომელსაც დღეს “კოვიდ 19” დაუდგინდა. ალიანსმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პაციენტი იზოლირებულია, ხოლო მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები სახლიდან მუშაობენ. შეზღუდვები დააწესა ევროკავშირის საბჭომაც.

პრევენციული ზომების მიღების მიუხედავად, “კოვიდ-19” ამერიკის 35 შტატში უკვე გავრცელდა. ახალი კორონავირუსის გამო 8 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაღუპულია 21 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში იმყოფება ორი სენატორი. მათ შორისაა სენატორი ტედ კრუზი. თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო პორტუგალიის პრეზიდენტმაც.

პროგრესია ჩინეთშიც, სადაც რამდენიმე ათასს განკურნებულ პაციენტს შორის 100 წლის ჩინელი კაციცაა. მას ანტივირუსული პრეპარატებით და ტრადიციული ჩინური მედიცინით მკურნალობდნენ. პაციენტი COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში 24 თებერვალს მოათავსეს. მას ალცჰაიმერი, ჰიპერტონია და გულის უკმარისობაც აწუხებს. ჩინეთში შემცირებულია, ასევე, როგორც გარდაცვალების, ისე ინფიცირების სტატისტიკა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 22 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების მხოლოდ 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის გარდა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები, უკვე მეორე დღეა არ დაფიქსირებულა. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაში, სადაც ინფიცირების დინამიკა ასევე შემცირდა.

კოვიდ 19-მა, დღეის მონაცემებით, 3888 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 112 ათასამდე გაიზარდა. ახალმა კორონავირუსმა 100-ზე მეტ ქვეყქანაში შეაღწია.