დავით ზალკალიანი დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით ემიგრანტების პრობლემებზე ზრუნვის მექანიზმის ამუშავებას გეგმავს

0
756

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართულ დიასპორას მიმართავს. მიმართვის ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ეტაპობრივად და მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, მოხდება მიმართულებების განსაზღვრა და ფრენების განრიგის დაგეგმვა.

“ძვირფასო თანამემამულეებო,

სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები; ბევრი მათგანი ვერ ახერხებს სამშობლოში დროულად დაბრუნებას; ბევრი მათგანი იმყოფება მაღალი დაინფიცირების ქვეყნებში და შედეგად, განსაკუთრებული სტრესის ქვეშ.

მინდა მოგმართოთ ყველას და დაგამშვიდოთ, საქართველოს მთავრობის უმთავრეს ამოცანად რჩება, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობის და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ჩვენმა სახელმწიფომ, მსოფლიოში არსებულ ამ რთულ ვითარებაში, გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ზომების გატარება, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

თქვენთვის ცნობილია, რომ გლობალურად, საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს მისცემოდათ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები განეხორციელებინა კომპანია „საქართველოს ავიახაზებს“. სწორედ საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ეტაპობრივად და მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, მოხდება მიმართულებების განსაზღვრა და ფრენების განრიგის დაგეგმვა.

უახლოესი კვირების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება კომპანია “საქართველოს ავიახაზების” სპეციალური კომერციული რეისები შემდეგი მიმართულებებით:

23 მარტი – თბილისი-ბერლინი-ბათუმი. 24 მარტი – ათენი-თბილისი-ათენი (შეასრულებს „ეგეოსის ავიახაზები“); 26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი; 31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ასევე შემდგომი რეისების დაგეგმვაზე. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, დაგეგმილი ჩარტერული რეისების საშუალებით, ეტაპობრივად დაბრუნდებიან სამშობლოში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო საკარანტინო მომსახურებით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ როგორც პირადად მათი, ისე მათი ახლობლების დაინფიცირების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა დაბრუნების პროცესში გვმართებს მეტი სიფრთხილე, იმისათვის რომ ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის რესურსები რაციონალურად იქნას გადანაწილებული.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად.

დღეს, ამ მომენტში, ქართველი დიპლომატების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათი თანადგომა. 24 საათიან რეჟიმში ვიღებთ მონაცემებს მათი საჭიროებების შესახებ.

ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს; ხშირად დიპლომატების პირადი სახსრებით ხდება მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა.

ჩვენ ვმუშაობთ და ავამოქმედებთ დამატებით მექანიზმს, მათ შორის, დიასპორული ორგანიზაციების, საპატიო კონსულების ინსტიტუტის აქტიური ჩართულობით, რათა უცხოეთში მყოფი არც ერთი ჩვენი მოქალაქე, ამ ურთულეს პერიოდში არ დარჩეს ელემენტარული – პირველადი საჭიროებების გარეშე.

საქართველო, მიუხედავად მისი მწირი რესურსისა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც ეპიდემიის აფეთქების კერებიდან ოპერატიულად გამოიყვანა თავისი მოქალაქეები და შედეგად, 3000-მდე საქართველოს მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში, მაშინ, როდესაც ეს მარტივად გადასაჭრელი საკითხი არ აღმოჩნდა ბევრი სახელმწიფოსთვის, რომლებმაც თავიდანვე განაცხადეს, რომ არ განიხილავდნენ საზღვარგარეთ დარჩენილი საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს.

ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებული გამოყვანა მოხდა: ჩინეთიდან – სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერული რეისი და ამას გარდა, ორჯერ, ჩვენი პარტნიორების – საფრანგეთისა და თურქეთის დახმარებით გამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები. იტალიიდან – სადაც განხორციელდა ორი ჩარტერული რეისი და დღემდე ვრჩებით ერთადერთ სახელმწიფოდ, ვინც ორგანიზებულად წამოიყვანა საკუთარი მოქალაქეები. ირანიდან – სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერი და ამას გარდა, სახმელეთო გზით, ორგანიზებულად მოხდა მოქალაქეების წამოყვანა. პოლონეთიდან – სადაც პოლონურ მხარესთან და კომპანია “ლოტთან” მოლაპარაკებით, მაშინ, როდესაც პოლონეთი დახურული იყო საერთაშორისო ფრენებისთვის, განხორციელდა რამდენიმე ჩარტერული რეისი. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამომგზავრება და ადგილზე ურთულეს პირიბებში რჩებოდნენ, დავაბინავეთ. ბულგარეთიდან – სადაც, ჩაკეტილი საზღვრების გამო ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე გაჩერებული საქართველოს 90 მოქალაქე გამოვამგზავრეთ სამშობლოში და დანარჩენი ადგილზე დავაბინავეთ. ეგვიპტიდან – საიდანაც, ფრენების გაუქმების შედეგად ჩარჩენილი სტუდენტები წამოვიყვანეთ. უკრაინიდან – საიდანაც ჩარტერული რეისის გამოყენებით ჩამოვიდნენ საქართველოს მოქალეები და ასევე ათენი – საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება უახლოეს დღეებში.

ამგვარი მაგალითები უამრავია და ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს თანამემამულეებს ვეხმარებით, როგორც გამომგზავრებასთან დაკავშირებულ, ისე ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, სწორედ მათი დაუღალავი შრომით და თანადგომით გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და დღეს სამშობლო თქვენს გვერდით არის!”,-აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.