მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას პირველ მაისამდე აჩერებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამგზავრო შეზღუდვები გამოწვეულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელებისა და თავიდან აცილების მიზნით.
მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელფოსტაზე. მათ ბილეთის ღირებულების 120 პროცენტი ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის „ვიზკრედიტზე“ (Wizz Credit), რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ „ვიზეარის“ პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ ბილეთის საფასურის 100 პროცენტის ფულადი სახით ანაზღაურება, რომელიც შედარებით დიდ დროს მოითხოვს. მათ ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები „ვიზეარის“ მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.