საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობა არ მცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან. „პრაიმტაიმის“ ემიგრანტის დღიურების რუბრიკის სტუმარია ქართველი ემიგრანტი 26 წლის ნათია სალაძე.
– მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებ და რა მიზეზით წახვედით საზღვარგარეთ?
– მე ვარ ნათია სალაძე 26 წლის, ხარაგაულის რაიონ სოფელ ვარძიიდან. 17 წლის ვიყავი ოჯახი რომ შექმენი, მაგრამ ქორწინების ორი თვიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა, რადგან ჩემს მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა. 2 ოპერაცია გაუკეთეთ, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან მძიმე პერიოდი გავიარე. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის დროს შვილი დავკარგე, ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევად დაიბადა და ბავშვიც დაიღუპა. 1 წელიწადში კი ჩემი მეუღლეც დაიღუპა. რაც შეეხება ჩემი მშობლების ოჯახს, იმ დროს დედიკო ახალი ნაოპერაციები იყო მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და არ ქონდათ სახსრები მკურნალობის და საქართველოში მოგეხსენებათ არ არის მისი პირობები რომ სამსახური მეშოვა, ჩემი თავი მერჩინა და ოჯახს მივხმარებოდი. დედიკო ძალიან ძვირად ღირებულ წამლებს იღებდა, ქიმიოთერაპიის კურსსაც გადიოდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წასვლა საზღვარგარეთ. მშობლებს უნდა დავხმარებოდი და ცხოვრებაც გამეგრძელებინა. ასე გულდამწვარი და განადგურებული გავხდი ემიგრანტი.
– ნათია რამდენი წელია, რაც საზღვარგარეთ იმყოფებით და ვინ დაგეხმარათ წასვლაში ?
– 7 წელია, რაც საბერძნეთში, კერძოდ ათენში ვარო. საბერძნეთში დაიკომ წამომიყვანა. მისი იმედით ჩამოვედი.
– ამჟამად რას საქმიანობთ და როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი?
– ვმუშაობ მოხუცებთან, ცოლ-ქმართან. ბებოს სჭირდება მოვლა და დღეში 5 ჯერ ეტლში გადმოყვანა. ვაკეთებ საჭმელს და ვალაგებ სახლს. ჩემი სამუშაო გრაფიკი 24 საათიანია და კვირაში ერთი დღე ვისვენებ, ისიც შეზღუდული დროით. გამიმართლა, რადგან სამსახური და საკუთარი ხელფასი მაქვს. არავისზე დამოკიდებული არ ვარ და ოჯახსაც ვეხმარები.
– ურჩევთ თუ არა ქართველებს საზღვარგარეთ წასვლას და რამდენად მართებულად მიგაჩნიათ “ოჯახის მიტოვება”?
– ოჯახის მიტოვება ყველაზე ძნელი გადაწყვეტილება, რადგან თქვა უარი ოჯახზე თუნდაც რამოდენიმე წლით იმის გამო რომ შენ შვილებს უკეთესი მომავალი შეუქმნა ეს გმირობაა. რა თქმა უნდა, ვურჩევ წასვლას. მესმის ძნელი არა უძნელესია თუმცა, სანამ შეუძლიათ უნდა გააკეთონ და წავიდნენ.
– აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და რას ფიქრობთ შორი გადმოსახედიდან?
– საქართველოში მოვლენები უკან და უკან მიდის სამწუხაროდ ადამიანები იცვლებიან. ემიგრანტები არავის ახსოვს ჩვენთვის არავის მოულოცავს ახალი წელი. ემიგრანტებზე არავინ ფიქრობს იმედია ჩვენც მოგვაქცევენ ყურადღებას და შეგვიქმნიან პირობებს და დავბრუნდებით.
– რას უსურვებთ ემიგრანტებს?
– ჩემს ემიგრანტებს ვუსურვებდი პირველ რიგში ჯანმრთელობას, გამძლეობას და მშვიდობით დაბრუნებას ჩვენს საქართველოში.
გთავაზობთ ნათია სალაძის ამაღელვებელ წერს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“დიახ მე ვარ “ემიგრანტი” დიახ მე ვუვლი მოხუც დიახ მათ ვულაგებ დიახ მათ ვუსუფთავებ დიახ მე მათთან ვმუშაობ მაგრამ მე “ვშრომობ” ჩემი შრომით ვინახავ ჩემ თავს და არა მარტო… დიახ მე ვარ მათი მომვლელი მე არ მრცხვენია ჩემი შრომით ვიშოვო ფული… მე 27 წლის ვხდები და ჩემი შრომით ვარ 8 წელია ჩემ თავს არაფერს ვაკლებ და ჩემ ოჯახს და არა მარტო. ვმუშაობ იმიტომ რომ არ ვთხოვო მშობლებს არ დავჯდე მათ ხარჯზე არ ვთხოვო სხვას არ გავხდე მათხოვარი. დიახ 7 წელო და თვეებია მე ოჯახი არ მინახავს დიახ მათ მონატრებაში ვარ განა იმიტო რო ეს სიამოვნებას მანიჭებს არამედ ის მანიჭებს სიამოვნებას რომ ამ ტანჯულ წლებს ჩემ ოჯახს ჩემ მომავალს ვახმარ იმიტომ რომ არ თქვან აი ნახეთ ეს გოგო როგორ დაბეჩავდა ქმარ-შვილი დაეღუპა და ოჯახის კისერზეაო. არ მინდა ვინმემ ცოდვით და შეცოდებით შემომხედოს, სანამ შემეძლება დიახ ვიმუშავებ, თუნდაც დამლაგებლად თუ დაც მოხუცის მომვლელად მის დასაბანად და მის გასაწმენდად ეს არ მეთაკილება. დიახ მე 20 წლის გავხდი ემიგრანტი ქვრივი შვილ მკვდარი განადგურებული ვიძახდი რათ მინდა ცხოვრება ის რაც მიყვარს დავკარგე მეც უნდა მოკვდეთქო, თუმცა შევხედე ჩემ დედიკოს მამიკოს თვალებში და მივხვდი რომ ჯერ კიდევ ღირდა ცხოვრება და უ და გამეგრძელებინა მე ოჯახის კისერზე დაკიდებას მათთვის ტვირთად დაჯდომას გულ-გაგლეჯილმა ვარჩიე ემიგრანტობა უცხო ქვეყანაში
უცხო ხალხში უენოდ ჩემი დაიკოსს ამარა. უფალს და ჩემ დაიკოს მადლობა თორემ მე მათხოვარი ვიქნებოდი მე შესაცოდი დასაცინი ვიქნებოდი. მე კი ახლა ვამაყობ იმით რაც ვარ რასაც ვაკეთებ როგორც ვაკეთებ… არ ვიპარავარ არ ვმათხოვრობ და ჩემ მშობლების და არავის კისერზე არ ვარ…. მე არ მეთაკილება, არც მრცხვენია ვთქვა, რომ კი მე ვარ მომვლელი, მე ვარ დამლაგებელი, მე ვარ სხვა ქვეყნის ბებია-ბაბუების დამბანი, მათი საჭმლის გამკეთებელი,.მაგრამ მე ამით არა მარტო ჩემ თავს არა მარტო ოჯახს არამედ ბევრნაირ არამზადას ვარჩენ. მე არ მრცხვენია მე არ ჩავხრი თავს არა. პირიქით მე თავ აწეული ვივლი”- წერს ნათია.